შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქართული ოცნების ოფისთან 12 ადამიანი დააკავა.
შსს ამტკიცებს, რომ დემონსტრანტები, რომლებიც 5 ივლისის სასტიკ ძალადობას და პოლიციის უმოქმედობას აპროტესტებენ, შეკრების და გამოხატვის უფლების კანონით დადგენილ ფარგლებს გასცდნენ.
"კიდევ ერთხელ ვაფრთხილებთ აქციის ორგანიზატორებს, უზრუნველყონ, რომ აქციამ არ მიიღოს ძალადობრივი ხასიათი და არ გასცდნენ კანონით დასაშვებ ნორმებს. წინააღმდეგ შემთხვევაში პოლიცია იმოქმედებს კანონის შესაბამისად". - აცხადებს უწყება.
ქართული ოცნების ოფისთან აქციამ რუსთაველის გამზირიდან გადმოინაცვლა.
ქტივისტებმა ქართული ოცნების ოფისს წითელი საღებავები და კვერცხები ესროლეს.
ადგილზე დიდი რაოდენობით პოლიციაა მობილიზებული. მათ აქტივისტებს არ მისცეს პლაკატების და სტენსილების შეტანის უფლება, წარწერებით: ირაკლი ღარიბაშვილმა მოკლა ლექსო ლაშქარავა.
***
ტვ პირველის ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა დედამ გარდაცვლილი 11 ივლისს, გამთენიისას ნახა. ლაშქარავას 5 ივლისს ძალადობრივმა ჯგუფებმა სასტიკად სცემეს. მას ჩამსხვრეული ჰქონდა სახის ძვლები, რის გამოც დასჭირდა სასწრაფო ოპერაცია.
გარდაცვლილის ცხედრის ექსპერტიზას მისი ოჯახი ეწინააღმდეგებოდა. მიუხედავად ამისა, კრიმინალისტებმა ლექსო ლაშქარავას ცხედარი მისი საცხოვებელი სახლიდან ტომრით გაიტაცეს.
შსს უკვე 2 დღეა, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებას ნარკოტიკებით შესაძლო ზედოზირებას უკავშირებს და არაფერს ამბობს იმაზე, რომ სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრე ის ძალადობრივმა ჯგუფებმა სასტიკად სცემეს, პოლიციამ ტელეოპერატორი არ დაიცვა.
ოჯახის წევრები ამბობენ, რომ ცემის და ოპერაციის შემდეგ ლექსო ლაშქარავას ძლიერი ტკივილები ჰქონდა.
სანამ შსს ნარკოტიკებით ზედოზირების საკითხს წამოწევდა, ეს ვერსია პრორუსულ, შავრაზმულ, პროსახელისუფლებო მედიაში ვრცელდებოდა.
მაგალითად, მარშალპრესით გავრცელდა ვინმე იოსებ ხიმშიაშვილის განცხადება, რომელსაც mpn.ge პოლიტიკოსად მოიხსენიებს და რომელიც ამბობს:
"გარდაცვლილი ლაშქარავა იყო ნარკომანი, რაც იცის ყველამ, მათ შორის მისმა მეგობრებმა იყო მეტადონის პროგრამის მონაწილე სულ არ იქნება გასაკვირი, რომ ის იყოს გარდაცვლილი "პერედოზით".
იმავე შინაარსის კომენტარებს წერდნენ სხვადასხვა გვერდზე პროსახელისუფლო განწყობების მქონე ადამიანები და ტროლ-ანგარიშები.